მხარდაჭერა, წინააღმდეგობა, ტრენდის სახეობები

მხარდაჭერა, წინააღმდეგობა, ტრენდის სახეობები

მხარდაჭერა და წინააღმდეგობა – ფინანსური ბაზრების ანალიზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცნებებია. ფინანსური ბაზრების, მათ შორის სავალუტო ბაზრის ტექნიკური ანალიზის პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს გრაფიკზე ტრენდის აღმოჩენა და აგება. დოუს თეორიის თანახმად, შესაძლებელია გამოვყოთ ტრენდის სამი ტიპი: გრძელვადიანი, შუალედური და მოკლევადიანი. ტრენდის ტიპი დამოკიდებულია იმ გრაფიკის მასშტაბზე, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ.

თუ ჩვენ ვაანალიზებთ თვის გრაფიკს და ვპოულობთ მასზე ტრენდს, ე.ი. ჩვენ ვსაუბრობთ გრძელვადიან ტრენდს. თუ ჩვენ ვაანალიზებთ კვირის ან დღიურ გრაფიკებს, მაშინ ჩვენ ვსაუბრობთ შუალედურ ტრენდზე. თუ ჩვენ ვაანალიზებთ საათობრივ ან წუთობრივ გრაფიკებს, მაშასადამე ჩვენ ვსაუბრობთ მოკლევადიან ტრენდზე.

ტიპის მიუხედავად, ტრენდი შესაძლებელია იყოს აღმავალი ტრენდი (მზარდი, ხარების ტრენდი, uptrend), ან დაღმავალი ტრენდი (კლებადი, დათვების ტრენდი, downtrend). ფორექსის ბაზარზე ასევე შესაძლებელია დაფიქსირდეს ტრენდის არ არსებობა (sideways), როდესაც ხარების და დათვების ძალა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თანაბარია, ამიტომ ფასს არ გააჩნია დომინირებული მოძრაობა არც ზემოთ ან/და არც ქვემოთ.

მხარდაჭერის დონე, წინააღმდეგობის დონე

ფორექსზე ვალუტების ფასი მუდმივად იცვლება ტალღისებური ტრაექტორიით. ამგვარ გრაფიკზე ყოველთვის შესაძლებელია დავინახოთ ლოკალური მინიმუმები და მაქსიმუმები. ფასის მაჩვენებელი ლოკალური მინიმუმის მომენტში აყალიბებს ჰორიზონტალურ ხაზს, რომელსაც ეწოდება მხარდაჭერის დონე (support level). ფასის მაჩვენებელი ლოკალური მაქსიმუმის მომენტში აყალიბებს ჰორიზონტალურ ხაზს, რომელსაც ეწოდება წინააღმდეგობის დონე (resistance level). აღნიშნული კონცეფცია წარმოდგენილია სურათზე.

მხარდაჭერის დონე, წინააღმდეგობის დონე

ფორექსის ტექნიკური ანალიზის დროს წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის დონეებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ფასი, რაც უფრო მეტჯერ უბრუნდება ამა თუ იმ დონეს, მით უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება მას. ეს აიხსნება ტრეიდერების ფსიქოლოგიით, რომლებიც დონეებს ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას, იმ შემთხვევაში თუ ეს დონე დასტურდება დროის განმავლობაში ფასის მასთან დაბრუნებით. ხშირად ისეც ხდება, რომ თუ მხარდაჭერის დონე გაირღვევა, მაშინ იგი ხდება წინააღმდეგობის ახალი დონე. ან თუ გაირღვევა წინააღმდეგობის დონე, მაშინ იგი ხდება მხარდაჭერის ახალი დონე. სიტუაცია წარმოდგენილია სურათზე.

წინააღმდეგობის გარდაქმნა მხარდაჭერად

ქვედა პირველი დონე არის მხარდაჭერის დონე და ერთხელ არის დადასტურებული ბაზრის მიერ. მეორე დონე უფრო მნიშვნელოვანი დონე აღმოჩნდა და ამიტომ დადასტურებულია რამდენიმე სანთლით. წინააღმდეგობა №1 აგრეთვე დადასტურებულია რამდენიმე სანთლით და მიაქციეთ ყურადღება, შემდეგ იგი გადაიქცევა მხარდაჭერის დონედ (№ 3) და ა.შ.

აუცილებელია გავიაზროთ, რომ მხარდაჭერის და წინააღმდეგობის დონეები არ წარმოადგენენ ზუსტ სიდიდეებს, ხოლო მათი გამოვლენა არის ერთგვარად შემოქმედებითი მიდგომის საკითხი. ყველა ტრეიდერი თავისებურად განსაზღვრავს, თუ რომელი კრიტერიუმით იხელმძღვანელოს დონეების განსაზღვრისათვის. მიჩნეულია, რომ დონე გარღვეულია მას შემდეგ, რაც სავავაჭრო პერიოდზე დახურვის ფასმა გაარღვია ეს დონე. მაგრამ, კოტირებების ისტორიულ მონაცემებზე მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება იმისა, თუ ფასმა როგორ გაარღვია დონე და შემდგომ პერიოდებში ისევ დაუბრუნდა მას. ამიტომ, დონეების გარღვევა, ცალკე აღებული, არ არის გაყიდვის ან ყიდვის სიგნალი, საჭიროა ტექნიკური ანალიზის სხვა ინსტრუმენტებმაც მოგვცენ გაყიდვის ან ყიდვის სიგნალი. იმისათვის რომ ფორექსზე წარმატებულად ვივაჭროთ, საჭიროა ტექნიკური ანალიზის ინსტრუმენტები გამოვიყენოთ კომბინირებულად.

მხარდაჭერის ხაზი

თუ შევაერთებთ ორ თანამიმდევრულად განლაგებულ მინიმუმის წერტილებს (წერტილები, რომლებიც შეესაბამებიან მხარდაჭერის დონეებს), და გამოისახება ხაზი დახრის კუთხის დადებითი ტანგენსით (მიმართულებით: გრაფიკის ქვედა მარცხენა კუთხიდან, ზედა მარჯვენა კუთხემდე), მაშინ ასეთ ხაზს ჰქვია აღმავალი ტრენდის მხარდაჭერის ხაზი (support line). თუ, მინიმუმის შემდეგი წერტილებიც ასევე განლაგდნენ ამ ხაზზე, მაშინ მხარდაჭერის ხასზს ენიჭება უფრო მეტი მნიშვნელობა. რაც უფრო მეტი წერტილი იმყოფება მხარდაჭერის ხაზის ახლოს, მით უფრო მეტი ალბათობაა იმისა, რომ შემდეგი წერტილებიც ასევე განლაგდებიან მის მახლობლად. მაგალითი იხილეთ სურათზე.

აღმავალი ტრენდის მხარდაჭერის ხაზი

მხარდაჭერის ხაზი, თავისი არსით, განსაზღვრავს აღმავალ ტრენდს. მისმა გარღვევამ შესაძლებელია მიუთითოს ტრენდის შემობრუნებაზე, და აქვს უფრო მეტი მნიშვნელობა, ვიდრე დონეების გარღვევას. გავიხსენოთ ინგლისურ ლიტერატურაში გავრცელებული ფრაზა «the trend is your friend» («ტრენდი – შენი მეგობარია»). ტრენდის შემობრუნების დროული განსაზღვრა – არის წარმატებული ვაჭრობის უპირველესი საწინდარი, როგორც ფორექსის სავალუტო ბაზარზე, ასევე სხვა ნებისმიერ ფინანსურ ბაზარზე.

არხი, აღმავალი არხი, დაღმავალი არხი

გარდა ტრენდის ცნებისა, ტექნიკურ ანალიზში ფართოდ გამოიყენება არხის ცნებაც. არხი (channel) – არის დერეფანი, რომლის საზღვრებშიც მოძრაობს ფასი. აღმავალი ტრენდის არხის განსაზღვრისათვის ფასის მაქსიმალურ წერტილზე აიგება მხარდაჭერის ხაზის პარალელური ხაზი. ეს ორივე ხაზი, ანუ მხარდაჭერისა და მისი პარალელური ხაზი განსაზღვრავს აღმავალ არხს (up channel). სურათზე პარალელური ხაზი წარმოდგენილია პუნქტირით. შეგვიძლია დავინახოთ, რომ ფასი მოძრაობს არხის საზღვრებში.

იმისათვის, რომ ფორექსზე მივიღოთ მოგება, საჭიროა ვალუტის ყიდვა არხის ქვედა საზღვარზე და გაყიდვა არხის ზედა საზღვარზე. მაგრამ ამავდროულად უნდა ვიყოთ ფრთხილად, ვინაიდან არხის საზღვრებთან მიახლოვებისას, ფასმა, უკუნახტომის მაგივრად შესაძლებელია გაარღვიოს შესაბამისი ხაზი. ასეთ შემთხვევაში ტრენდი იცვლება საპირისპირო მხარეს და მოგების მაგივრად მივიღებთ ზარალს. ამიტომ თვით არხის განსაზღვრის გარდა საჭიროა გამოვიყენოთ ტექნიკური ანალიზის სხვა ინსტრუმენტებიც, რომლებიც გვაძლევენ ტრენდის გაგრძელების ან შემობრუნების დამადასტურებელ სიგნალებს.

დაღმავალი ტრენდისათვის, ზემოთ ხსენებული, საპირისპიროდ ანალოგიურია. თუ შევაერთებთ თანამიმდევრულად განლაგებულ ფასების მაქსიმუმების წერტილებს (წერტილები. რომლებიც შეესაბამება წინააღმდეგობის დონეებს) და შეიკვრება ხაზი დახრის კუთხის უარყოფითი ტანგენსით (მიმართულება: გრაფიკის მარცხენა ზედა კუთხიდან, მარჯვენა ქვედა კუთხემდე), მაშინ ასეთ ხაზს ჰქვია დაღმავალი ტრენდის წინააღმდეგობის ხაზი (resistance line). წინააღმდეგობის ხაზი თავისი არსით განსაზღვრავს დაღმავალ ტრენდს. თუ, ფასის მინიმალურ წერტილზე გავავლებთ წინააღმდეგობის ხაზის პარალელურ ხაზს, მაშინ ერ ორი ხაზი შექმნის დაღმავალ არხს (down channel). სურათზე წარმოდგენილია მაგალითი, სადაც დატანილია წინააღმდეგობის ხაზი და მისი პარალელური ხაზი – პუნქტირით, რომლებიც განსაზღვრავენ დაღმავალ არხს.

დაღმავალი ტრენდის წინააღმდეგობის ხაზი

სურათზე ჩანს, რომ ფასი რამდენჯერმე მიუახლოვდა წინააღმდეგობის ხაზს და უკან დაბრუნდა, რითიც დაადასტურა მიმდინარე ტრენდის მიმართულება. დაღმავალი ტრენდის არხში ვაჭრობის წესები ისეთივეა, როგორც აღმავალი ტრენდის არხის პირობებში. ვალუტა უნდა ვიყიდოთ არხის ქვედა საზღვართან და უნდა გავყიდოთ ზედა საზღვართან. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ტრენდი, ადრე თუ გვიან იცვლება საპირისირო მიმართულების ტრენდით, ამიტომ აუცილებელია ხელიდან არ გავუშვათ ტრენდის შემობრუნების მომენტი. ტრენდის მიმართულების დამადასტურებელი სიგნალების და ტრენდის შემობრუნების სიგნალების შესახებ საუბარი გვექნება სხვა სტატიებში.

ჰორიზონტალური დიაპაზონი

როგორც ზემოთ აღინიშნა, ბაზარზე შეიძლბა დადგეს ტრენდის არ არსებობის სიტუაციაც. ასეთ შემთხვევაში ფასი იწყებს რხევებს, მაგრამ აღმავალი ტრენდის მხარდაჭერის, ან/და დაღმავალი ტრენდის წინააღმდეგობის ხაზების განსაზღვრა შეუძლებელია. გრაფიკზე ასეთი სიტუაცია წარმოდგენილია ჰორიზონტალური დიაპაზონის (sideways channel) სახით და გამოისახება ორი პარალელური ხაზით, რომელთა საზღვრებშიც მოძრაობს ფასი. მაგალითი წარმოდგენილია სურათზე.

ჰორიზონტალური დიაპაზონი

ჰორიზონტალურ დიაპაზონში ვაჭრობა არასასურველია, ვინაიდან მკაფიოდ ჩამოყალიბებული ტრენდი ჯერ კიდევ არ არსებობს და ადვილად შესაძლებელია გავხსნათ პოზიცია წამგებიანი მიმართულებით. ჰორიზონტალური დიაპაზონი არის თანაბარი ძალის მქონე ხარების და დათვების ურთიერთდაპირისპირება, კბილის მოსინჯვა. ამ ვითარებაში კი იმის გარკვევა, თუ რომელ მხარეს იფეთქებს ტრენდი – შეუძლებელია. როგორც წესი, რაც უფრო დიდხანს გრძელდება დაპირისპირება, მით უფრო ძლიერი იქნება ფასის გარღვევა ამა თუ იმ მხარეს, რომელიც თავის მხრივ გამოიწვევს აღმავალი ან დაღმავალი ტრენდის ჩამოყალიბებას. ჰორიზონტალურ ტრენდს გრაფიკზე ხშირად აღმოვაჩენთ სადღესასწაულო და დასვენების დღეებში, მაშინ როდესაც ფორექსზე ვაჭრობა პრექტიკულად არ მიმდინარეობს.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

შრომის ბაზრის ინდიკატორები

შრომის ბაზრის ინდიკატორები

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს შრომის ბაზრის ინდიკატორები, რომლებსაც ეთმობა დიდი ყურადღება.