ტრეიდერის დღიური

ტრეიდერის დღიური

მე-20 საუკუნის დასაწყისამდე დღიურებს აწარმოებდნენ წერა-კითხვის მცოდნე, ასეა თუ ისე განათლებული და შედარებით მაღალი სოციალური და ინტელექტუალური ფენის წარმომადგენლები. ამ დღიურების როლი ისტორიაში დიდია. ბევრი  მხატვრული ნაწარმოები და სამეცნიერო კვლევა უკავშირდება მათ.

ჩემს ბავშვობაში დღიურები მახსენდება სკოლაში. ერთხელ ორიანი მივიღე და დღიური მოვისროლე სკოლის უკან ხევში. ჩემი კლასელი გოგოებიც აწარმოებდნენ ვარდისფერყდიან დღიურებს.

ამ სტატიის დაწერამდე, ახალახან სკოლადამთავრებულ შვილს ვკითხე კიდევ არის სკოლებში დღიური თქო? კიო მიპასუხა, ელექტრონული დღიურები არსებობსო.

დღევანდელ დღეს დღიურის როლი ერთგვარად სოციალურმა ქსელებმა შეითავსეს.

მაგრამ საიტის თემა არ არის ამგვარი დღიურები. სტატიის თემა ტრეიდინგი და მასთან დაკავშირებული ნიუანსებია. მიჩნეულია, რომ ტრეიდერის დღიური ტრეიდერული წარმატებისათვის მნიშვნელოვანი ელემენტია და რიგ შემთხვევებში კრიტიკულადაც მნიშვნელოვანი.

განვიხილოთ, რისთვის გვჭირდება ტრეიდერებს დღიური და ამასთან ერთად ტრეიდერის დღიურს დავუკავშიროთ ე.წ. ჰაინსაითის ეფექტიც.

ტრეიდერის დღიური vs ონლაინ სერვისები

რაში გვჭიდება პირადი დღიური, როდესაც არსებობს უამრავი სერვისი ონლაინ დღიურის წარმოებისათვის მაგალითად myfxbook.  ანუ, რა საჭიროა საკუთარი სტატისტიკის (დღიურის) წარმოება, როდესაც არსებობს საიტი/საიტები, სადაც  შეყვანილი მონაცემების საფუძველზე ავტომატურად გამოითვლება დღის, კვირის, თვის მოგების პროცენტი და გარიგებების სხვა მრავალი სავაჭრო მაჩვენებელი.

საქმე იმაშია, რომ მონიტორინგი და დღიური ასრულებენ სხვადასხვა ფუნქციებს. მონიტორინგი არის მაჩვენებლებზე დაკვირვება, გარიგებების ანალიზი, რომელიც გამოავლენს მაგალითად გამორჩეულად აქტიურ სავაჭრო წყვილებს, რომლებზეც ვაჭრობა უფრო მომგებიანია, აგრეთვე გამოავლენს წამგებიან სავაჭრო ინსტრუმენტებს, რომელთა მაჩვენებლები შედარებით ნეგატიურია.

დღიური კი ასრულებს გარკვეულწილად სხვა ამოცანას. ეს პირველ რიგში გამოიხატება ტრეიდინგის ფსიქოლოგიურ შემადგენელთან მუშაობაში.

დღიურის მთავარი ამოცანაა თავიდან ავიცილოთ ჰაინსაითის ეფექტი. მარტივად – ჰაინსაითის ეფექტი არის მოვლენა, როდესაც უკვე მომხდარი მოვლენის შემდეგ გვეჩვენება, რომ მისი პროგნოზირება უფრო ადვილი იყო ვიდრე სინამდვილეში.

ჰაინსაითის (Hindsight) ეფექტი

წარსულის გადმოსახედიდან ყველა ჭკვიანები და ძლიერები ვართ. ეს ფრაზა კარგ წარმოდგენას გვიქმნის ჰაინსაითის ეფექტზე

ჰაინსაითი პოპულარული ფსიქოლოგიური ფენომენია. ადამიანის მეხსიერება ისეთნაირადაა მოწყობილი, რომ მას შეუძლია სწრაფად აითვისოს ახალი ინფორმაცია და დააკავშიროს იგი უკვე არსებულ ცოდნასთან.

მაგალითად: მეგობარი გასცილდა ქმარს, ან ცოლს. ეს ინფორმაცია ჩვენს გონებაში უკავშირდება ამ მეგობრის ფსიქო პორტრეტის პარამეტრების, ქცევების, ჩვევების, მისი ყოფა-ცხოვრების სტილის და ა.შ. შესახებ ჩვენს ცოდნას. მას შემდეგ, რაც ახალ და ძველ ინფორმაციებს შორის მყარდება კავშირი ჩვენ განვიცდით სიცხადის შეგრძნებას, წარსული ხდება უფრო გასაგები და გვეჩვენება, რომ წარსულში მეგობრის ოჯახური დრამის პროგნოზირება მარტივად შეგვეძლო.

ტრეიდერებისთვის დამახასიათებელია ფიქრი და მსჯელობა იმ გარიგებების შესახებ, რომლებიც მათ არ განუხორციელებიათ, მაგრამ იცოდნენ რომ ფასი „ფაიზაყი“ 🙂  მათ მიერ პროგნოზირებული მიმართულებით წავიდოდა.

დღიურის მეშვეობით შეგვიძლია გამოვრიცხოთ ამგვარი პოსტფაქტუმ მსჯელობები და ჩავწეროთ ჩვენი ანალიზი ყოველგვარი შელამაზების და დამახინჯების გარეშე გარიგების დადების მომენტში. ამის შემდეგ შეგვიძლია დავაკვირდეთ და გავაკეთოთ დასკვნები იმის შესახებ, რომ მართლაც დავინახეთ თუ არა ის, რაც შემდგომში მოგვეჩვენა აშკარა ფაქტორად.

დღიურის წარმოების მეთოდები

ქაღალდის ან კომბინირებული დღიური

ყველაზე ჩვეულ მეთოდად შესაძლებელია ჩავთვალოთ ქაღალდის დღიური. ტრეიდინგი შეიქმნა დიდი ხნით ადრე, ვიდრე კომპიუტერი, ამიტომ ქაღალდი ყოველთვის იყო, არის და ალბათ კიდევ დიდხანს იქნება ადამიანის გონებრივი ნამუშევრის პალიტრა.

Microsoft Word და Microsoft Excel არ არსებობის გამო, წარსულში ტრეიდერები გარიგებების ჩანაწერებსაც ხელით აკეთებდნენ და გრაფიკებსაც ხელით ხაზავდნენ ქაღალდზე. ასე რომ, ქაღალდის დღიურში ხელით  ჩანაწერები რაიმე ნონსენსი არ არის, თუმცა გრაფიკების ხატვა არ არის საჭირო, ვინაიდან ნებისმიერ სავაჭრო ტერმინალში არსებობს გრაფიკის სქრინშოტის მოხნის ოფცია.

სქრინშოტის ამობეჭდვის შემდეგ შესაძლებელია მისი ჩაწებება დიდი ფორმატის ქაღალდის დღიურში და პარალელურად მის გვერდით შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება.

ზედა აბზაცის წაკითხვისას გაგეღიმათ ხო? მეც გამეღიმა ბეჭდვისას. რაღა დროს „დაკლეტკილი“, ან ცალხაზა რვეული, წებო და სტეპლერია, როდესაც არსებობს დალოცვილი Microsoft Word-ის პროგრამა, სადაც იგივე პროცედურის განხორციელება შესაძლებელია ყოველგვარი წებოთი თხაპნის გარეშე. თუმცა, გრაფიკს თუ არ ჩავაწებებთ რვეულში სავსებით შესაძლებელია მხოლოდ ჩანაწერები ვაწარმოოთ და სქრინშოტები კომპიუტერში შევინახოთ – ანუ დღიურის ე.წ. კომბინირებული ვერსია შევქმნათ.

თუმცა, როგორც ამბობენ ხელით დაწერილი ტექსტი უფრო აღქმადი და დამამახსოვრებელი ინფორმაციაა, მარტივი მოტორიკის წყალობით. მაშასადამე, წესით, კომბინირებულ ან მხოლოდ ქაღალდის დღიურში მუშაობა უფრო რეზულტატური უნდა იყოს, ვიდრე მთლიანად ელექტრონული დღიურის წარმოება.

რა თქმა უნდა ზემოთხსენებული მეთოდები გემოვნების საკითხია. პირადად უკვე 25 წელიწადია კომპიუტერი ხელიდან არ გამიგდია და უიშვიათესად, როდესაც ხელით წერა მიწევს ხოლმე – ვატყობ, რომ მიჭირს 🙂  .

ტრეიდერის დღიური

ელექტრონული დღიური

ელექტრონული დღიური – იგივე კომბინირებული დღიურის ტიპია, რომელსაც კი არ ამოვბეჭდავთ პრინტერზე, არამედ ვინახავთ კომპიუტერში.

ასევე შესძლებელია და მე თუ მკითხავთ უფრო კომფორტულია დღიურის წარმოება Excel-ში. ვინც ფუნდამენტალურ სიახლეებზე ვაჭრობს ისინი განსაკუთრებით ყურადღებით უდგებიან დღიურის წარმებას და ეს აუცილებელიცაა.

დღიურის წარმობის ერთ-ერთი ვარიანტია საკუთარი მინიბლოგი ფეისბუკზე, ინსტაგრამზე, ან სხვა რომელიმე სოციალურ ქსელში. რა თქმა უნდა თუ მეგობრებში გყავთ ტრეიდერები და არა მაგალითდ ტრაილერის მძღოლები ან ანგაჟირებული პოლიტმიდრეკილები.

ეს ვარიანტი ხიბლიანია იმით, რომ მიიღებთ არა მარტო მწარე კომენტარებს, არამედ კონსტრუქციულ რჩევას, ან ასევე კონსტრუქციულ კრიტიკას. თუმცა, როგორც ვაკვირდები ასეთი რამ საქართველოში არ მუშაობს. ყოველ შემთხვევაში მე არ შემხვედრია. რაც კი ამგვარი რამ არის, დიდი აქტიურობა ასეთ სოციალურ ბლოგებზე არ შემიმჩნევია. უფრო მეტად სარკაზმი და ცინიზმია ვიდრე კონსტრუქციული დამოკიდებულება.

დღიურის წარმოებისათვის არსებობს პოპულარული ვებ-სერვისები EdgeWonk, Myfxbook, MarketStat და ა.შ. მაგრამ ეს სერვისები უფრო მეტად გარიგებების სტატისტიკური ანალიზითვისაა განკუთვნილი. ხოლო დღიური, ალბათ უფრო კლასიკურ სტილში უნდა იყოს წარმდგენილი.

ვიდეო დღიური

დღიურის წარმოების კიდევ ერთი მეთოდია ვიდეო ჩანაწერების  წარმოება სპეციალური პროგრამებით, მაგალითად კომპიუტერული პროგრამებით Snagit, Camtasia Studio და ა.შ.

ეს მეთოდი განსაკუთრებით სკალპერებს გამოადგებათ, ვინაიდან მათ ყოველი გარიგებისათვის ჩანაწერების წარმოების, სქრინშოტების კეთების, პრინტერზე ამობეჭდვის და ა.შ. ამის დრო ტექნიკურად არ აქვთ, ვინაიდან სკალპერების ვაჭრობის სტილი სწრაფია. მაგრამ საკუთარი გარიგებების კომენტირება ონლაინ რეჟიმში და თან მათი ვიდეოგადაღება საკმაოდ სასარგებლოა, თუნდაც იმ პირობებშიც კი როცა ამ ჩანაწერებს ტრეიდერი აღარ ნახავს შემდგომში.

რა თქმა უნდა ამ ვიდეო ჩანაწერების დროდადრო გადათვალიერება სასარგებლო იქნებოდა, მაგრამ მათ გაკეთებას კიდევ ერთი ხიბლიც გააჩნია. ვიდეოს ჩაწერისა და გარიგებების ხმამაღლა კომენტირების დროს ტრეიდერის მოქმედებები ნებით თუ უნებლიედ, ალბად უფრო ნებით და ქვეცნობიერ დონეზე, უფრო გააზრებულია.

მაგალითად, ტრეიდერი გრაფიკზე ამჩნევს, რომ ფასი აისხლიტება მცოცავი საშუალოდან და ამას ამბობს ხმამაღლა ვიდეო ჩანაწერისთვის. თანაც აკონკრეტებს, თუ სად უნდა განთავსდეს თეიკ პროფიტი, სტოპ ლოსი და ა.შ. მერწმუნეთ, მისი მოქმედებები ამ შემთხვევაში უფრო დაკვირვებული იქნება.

დააკვირდით საკუთარ თავს. ფოტო ან ვიდეო სელფის გადაღების დროს უფრო კრიტიკულად და დაკვირვებულად უდგებით საკუთარი გარეგნობის, საუბრის მანერის და ქცევის წარმოჩენას. ბოლო-ბოლო სელფის გადაღებისას ყველა ქალი ოდნავ მაინც ტუჩებს გამობურცავს და თავს კეკლუცად გადახრის ხოლმე, ხოლო კაცები ვიდეო სელფის გადაღებისას ქვეცნობიერად ხმის ტემბრს დაბოხებისკენ ცვლიან, ან სურთ, რომ უფრო ბრუტალურად გამოიყურებოდნენ.

რა უნდა ჩაიწეროს დღიურში

დღიურში ჩანაწერები ბანალურია:

  • თარიღი;
  • დრო;
  • სქრინშოტი;
  • გარიგების შედეგი;
  • კომენტარი;

სქრინშოტი შესაძლებელია იყოს რამდენიმე: გარიგებამდე, გარიგების დადების მომენტში, პოზიციის დახურვის შემდეგ. სქრინშოტები აგრეთვე შესაძლებელია გავაკეთოთ სხვადასხვა თიმ ფრეიმებისთვის.

კომენტარში როგორც წესი იწერება წარსული გარიგების ანალიზი, ან მომავალი სავაჭრო პოზიციის გეგმა-პროგნოზი, ემოციური მდგომარეობა, სავაჭრო გარიგების ნიუანსები.

მაგალითად: „გარიგების სიგნალის მოახლოებასთან ერთად მარცხენა ხელი მეფხანება, რამაც ფული იცის…“, ან „მარჯვენა თვალი ამითამაშდა, რამაც წყენა იცის…“.

გაგეღიმათ ხო? არადა ორივე შემთხვევაში ეს არის ფსიქოსომატიკის სიგნალი – ანუ ქვეცნობიერში ეჭვი შეგეპარათ, რომ პოზიციაში შესვლა შეიძლება ღირდეს ან არ ღირდეს.

ცნობილი ისტორიაა ჯორჯ სოროსის შესახებ, როდესაც იგი ყოველთვის ხურავდა პოზიციას, როდესაც ზურგი ასტკივდებოდა ხოლმე, რადგან ამ სიმპტომს იგი პოზიციის დახურვის სიგნალად თვლიდა.

ტრეიდერის დღიური განსაკუთრებით აუცილებელია მათთვის ვინც სპეციალიზდება ფუნდამენტალური ანალიზის საფუძველზე ვაჭრობით. ასეთ დღიურში იგივე ჩანაწერებია, თუმცა გარიგების გახსნის საფუძველში, ანუ სავაჭრო სტრატეგიის ნაცვლად იწერება მიზეზი, თუ რატომ უნდა გაიხსნას სავაჭრო პოზიცია. მაგალითად: „ბაიდენმა გადაწყვიტა ჩრდილოეთ კორეას ხიოს რაკეტები, ამიტომ AUD/USD-ზე უნდა გავხსნა buy პოზიცია“. და ა.შ.

დღიური კარგი რამაა, იგი გვეხმარება არა მარტო გარიგებების ანალიზში, არამედ ნეგატიური ენერგიის გადმოფრქვევისათვისაც. შესაძლებლობა გვეძლევა საკუთარ ემოციებს შევხედოთ სხვა რაკურსით. ანუ, ჩვენ ყოველ გარიგებაზე ვინიშნავთ საკუთარ ემოციურ რეაქციებს, ერთგვარად ვაწარმოებთ მათ სტატისტიკას, ხოლო შემდგომ შეგვიძლია დავუბრუნდეთ და გადავხედოთ მათ სხვა თვალით.

იმ გარიგებებისათვის, რომლებიც გახსნილი იყო სტრატეგიის წესების დაცვით და ძლიერი ემოციების გარეშე – დიდი ყურადღების კონცენტრირება არ ღირს. თუ პოზიცია დაკავშირებული იყო დიდ წაგებასთან, ან დიდ მოგებასთან, მაშინ მის ანალიზს უფრო მეტი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ

ყველაფერი, რაც საშუალო სტატისტიკის ფარგლებს მიღმაა – ღირს ყურადღებიანი ანალიზისთვის. საშუალო სტატისტიკური მოცემულობა დიდი ყურადღების ღირსი არ არის.

როდესაც ლოთი მეზობელი აივნიდან დაიღრიალებს და შეიგინება, ხომ არ მიაქცევთ ყურადღებას?! რა თქმა უნდა არა, ვინაიდან ის საშუალო სტატისტიკური ლოთია, საშუალო სტატისტიკური ქცევით. მაგრამ, როდესაც რესპექტაბელური, წარმატებული მეზობელი იგივეს ჩაიდენს, ჩვენ ეგრევე დავიწყებთ მისი საქციელის საბაბის და მიზეზის ანალიზს. ასევეა ტრეიდინგშიც.

დღიურში აგრეთვე შესაძლებელია პოზიციების ჯგუფის ანალიზი . მაგალითად: გარკვეული რაოდენობის პოზიციების მიხედვით, სტრატეგიების მიხედვით, ან დროის პერიოდების მიხედვით. ამის შემდეგ შეგვიძლია განვსაზღვროთ საშუალო მოგება, ან წაგება. მაჩვენებლების გაუმჯობესების ან გაუარესების მაჩვენებლები. ყოველივე ამის საფუძველზე შეგვიძლია მოვახდინოთ საკუთარი სავაჭრო სტრატეგიის კორექტირება.

ტრეიდერის დღიურის წარმოება საჭიროა. თუმცა სიზარმაცის გამო ბევრი იგნორირებს მას, მათ შორის ხშირად მეც, რაც ძალიან ცუდია. როგორც მინიმუმი ყველა ტრეიდერმა უნდა სცადოს მაინც დღიურის წარმოება და დააკვირდეს  თუ რა გამოვა ამ საქმიდან. შესაძლებელია დროთა განმავლობაში დაინახოთ, რომ დღიურის ანალიზის საფუძველზე სავაჭრო რეზულტატმა მოიმატა და ისწავლოთ არასწორი გარიგებების არა პოსტფაქტუმ ანალიზი, რაც დაგეხმარებათ მომავალში შეცდომების თვიდან აცილებაში. ამის გამო, ტრეიდერის დღიური გახდეს თქვენი თანმდევი ინსტრუმენტი.

დღიურის სტრუქტურა მრავალი სახისაა. უამრავი სტილის დღიური შემიმუშავებია და მიმუშავია მათთან. მაგრამ, როგორც მივხვდი დღიურის სტრუქტურა მორგებული უნდა იყოს კონკრეტული ტრეიდერის მოთხოვნებზე და პიროვნულ და სავაჭრო თვისებებზე.

ქვემოთ, ჩამოსატვირთად წარმოდგენილი მაქვს ჩემი დღიურის ერთ-ერთი ნეიტრალური ვერსის ნიმუში, რომელსაც შეგიძლიათ გადახედოთ და მის საფუძველზე შექმნათ თქვენი დღიური, რომელიც სტრუქტურულად უფრო ახლოს იქნება თქვენთან.

ტრეიდერის დღიური

პირადად მე Microsoft Excel ცხრილის გარდა, რომელიც სტაციონარულ კომპიუტერში მაქვს, დაგეგმილი პოზიციებისათვის ვიყენებ მობილურ აპლიკაციას Daybook, რომელსაც google chrome -ს ბრაუზერშიც აქვს გაფართოება. მასში ვიწერ საპროგნოზო პოზიციების გახსნის ფასს, თეიკ პროფიტს, სტოპ ლოსს და ა.შ. რათა მუდვივად ხელთ მქონდეს სავაჭრო პოზიციების მონაცემები – საკონტროლო წერტილები, სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე.  შემდეგ ბრაუზერიდანვე Daybook-იდან Excel -ში გადამაქვს ეს მონაცემები, ან პირიქით Excel-დან Daybook-ში. საკმაოდ მოსახერხებელი აპლიკაციაა.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექს ბაზარზე შესვლა

ფორექსის ბაზარზე შესვლა

ფორექსის ბაზარზე შესვლა ნებისმიერი ტრეიდერისათვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს წარმოადგენს.