სარჩევი
ტეიკ პროფიტი გამოიყენება მოგების ავტომატური ფიქსაციისათვის. მისი გამოყენებით აღარ არის საჭირო სავაჭრო პროცესზე მუდმივი დაკვირვება.
ტეიკ პროფიტის დაყენება ხდება სავაჭრო ორდერის გახსნის პარამეტრის ფანჯარაში და ნებისმიერ დროს შესაძლებელია იმავე ფანჯარაში მისი სიდიდის კორექტირება.
პრაქტიკაში მიღებულია ტეიკ პროფიტის პარამეტრის დაყენება სავაჭრო ორდერის გახსნისთანავე, ამისათვის შესაბამის ველში უნდა მივუთითოთ ფასური დონე, რომელზეც ავტომატურ რეჟიმში მოგებით უნდა დაიხუროს გახსნილი სავაჭრო ორდერი. თუმცა როგორც ზემოთ ავღნიშნე, ვაჭრობის პროცესის ნებისმიერ პერიოდში შესაძლებელია ტეიკ პროფიტის დაყენებაც და კორექტირებაც, თუმცა რაც მალე – მით უკეთესი. შენიშვნისათვის უნდა ავღნიშნო, რომ ტეიკ პროფიტის დაყენებისას გარკვეული ყურადღებაც უნდა მიექცეს სპრედის სიდიდესაც, ვინაიდან სპრედი აკლდება ფასის მიერ გავლილი მანძილის საბოლოო შედეგს. ბოლო ფრაზას არ აქვს ძლიერი დატვირთვა, თუმცა მაინც უნდა ვიცოდეთ მის შესახებ.
ტეიკ პროფიტის სწორად დაყენების ორი ხერხი
- სტატიკური – როდესაც სავაჭრო ოპერაციის გეგმის მიხედვით, მკაცრად განსაზღვრული გვაქვს მოგების ოდენობა, ანუ ეს სიდიდე ვაჭრობის პროცესში აღარ შეიცვლება. ყიდვის დროს ტეიკ პროფიტი დგება ორდერის გახსნის ფასის ზემოთ, მაგალითად თუ აქტივი ვიყიდეთ კურსით 1.4050, მაშინ 20 პუნქტიანი ტეიკ პროფიტის ფასური ნიშნული იქნება 1.4070, ხოლო გაყიდვის დროს ტეიკ პროფიტის ფასური ნიშნული იქნება 1.4030;
- დინამიური – როდესაც სავაჭრო ოპერაციის გეგმის მიხედვით, მკაცრად განსაზღვრული არ გვაქვს მოგების ოდენობა, მაგრამ ვაპირებთ მივიღოთ მოგება 100 პუნქტის ოდენობით, თუმცა ამ დაცილების ფასურ ნიშნულზე ტეიკ პროფიტის დაყენება, განსაკუთრებით შიდა დღიური ვაჭრობის დროს, საკმაოდ სარისკოა, ვინაიდან ფასმა შესაძლებელია ვერ მიაღწიოს დაგეგმილ ნიშნულს. ასეთ შემთხვევაში, ბაზრის დინამიზმიდან გამომდინარე, შეგვიძლია გავხსნათ მაგალითად 0.4 მოცულობის ლოტი და ყოველი 25 პუნქტის მოგების მიღწევის შემდეგ დავხუროთ 0.1 ლოტი. ამასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს სტოპ ლოსის გადაჩოჩება უზარალობის დონეზე;
უნდა გვახსოვდეს, რომ ტეიკ პროფიტის კომბინირება სტოპ ლოს ორდერთან აუცილებელი პროცედურაა, ვინაიდან ფასმა შესაძლებელია საერთოდ ვერ მიაღწიოს დაგეგმილ ტეიკ პროფიტს, შემოტრიალდეს საპირისპირო მიმართულებით და მთლიანად შეჭამოს დეპოზიტი.
ტეიკ პროფიტის სწორად დაყენებისათვის პირველ რიგში აუცილებელია მოძრაობის პროგნოზი, კორექციების ზომის და ბაზარზე შესვლის წერტილის განსაზღვრა.
და ბოლოს რაც მთავარია: სიხარბე ღუპავს ტრეიდერების უმრავლესობას, ამიტომ ტეიკ პროფიტის დაყენებისათვის აუცილებლად გააშუალეთ, ან გაამესამედეთ მოგების მაჩვენებელი. თუ თვლით რომ ფასის მოძრაობა მოგიტანთ 30 პუნქტ მოგებას, ტეიკ პროფიტი დააყენეთ 20 პუნქტზე დანარჩენი 10 პუნქტი დაუტოვეთ ბაზარს.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით