შეწებებული სენდვიჩი - სანთლური მოდელი

შეწებებული სენდვიჩი – სანთლური მოდელი

შეწებებული სენდვიჩი არის საკმარისად ნორმალური (ზოგიერთი ტრეიდერისთვის მნიშვნელოვანიც კი) სასიგნალო მოდელი, თუმცა საჭიროებს სხვა დამადასტურებელ სიგნალსაც.

ამ მოდელის ძირითადი უპირატესობა მისი ცნობადობაა – ნებისმიერ გრაფიკზე ადვილია მისი გამოვლენა. მოდელი ფიქსირდება მაშინ, როდესაც ერთნაირი ფერის სანთელებს შორის/შუაში განთავსებულია სხვა ფერის სანთელი (მაგალითად გრაფიკზე თუ დაღმავალი სანთლები შეფერადებულია შავი ფერით, ხოლო აღმავალი სანთლები თეთრი ფერით, მაშინ სანთლური მოდელი “შეწებებული სენდვიჩი” გამოიყურება, როგორც კომბინაცია – ორი შავი ფერის სანთლებს შორის ერთი თეთრი ფერის სანთელი).

მოდელის ფორმირების საინტერესო მომენტია ის, რომ მისი გამოჩენის შემდეგ დიდია, როგორც ტრენდის შემობრუნების, ასევე მისი გაგრძელების ალბათობაც. თავისი არსით მოდელი არის გარდატეხის იმპულსი არსებულ ტენდენციაში.

ორივე დაღმავალ სანთელს უნდა ჰქონდეს ერთი და იგივე მხარდაჭერის დონე, რაც თავის მხრივ არის ძირითადი ორიენტირი.

გამყოფი აღმავალი სანთელი არის მაკორექტირებელი, და მხოლოდ ტრენდის შესაძლო შემობრუნებაზე მიგვითითებს, მაგრამ თუ ამგვარი მეოთხე სანთელიც გამოჩნდა გრაფიკზე, მაშინ უფრო თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიწყო ტრენდის შემობრუნება. ასეთი სიტუაციის ალბათობა დაახლოვებით 80 %-ია.

ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ მოვლენების განვითარების საპირისპირო ვარიანტიც, რომლის შემთხვევაში ფასი დაიწყებს ვარდნას – მხარდაჭერის დონის გარღვევის შემდეგ.

მოდელის არა ერთგვაროვნებიდან გამომდინარე, მისი გამოჩენისთანავე არ უნდა ვიჩქაროთ პოზიციების გახსნა. ჯობია დაველოდოთ სანამ გაირკვევა ტრენდის მოძრაობის პერსპექტივა.

შეწებებული სენდვიჩი აღწერა
  • პირველი სანთელი – დაღმავალი/აღმავალი საშუალო ზომის სანთელი ქვედა კუდის გარეშე;
  • მეორე სანთელი – აღმავალი/დაღმავალი სანთელი კუდების გარეშე, რომელიც გაიხსნა უკანა სანთლის დახურვის ფასის ზემოთ;
  • მესამე სანთელი – სანთელი მთლიანად შთანთქავს უკანა სანთელს და იხსნება უფრო დიდი ფასით და იხურება პირველი დაღმავალი სანთელის დახურვის დონეზე;

სურათზე წარმოდგენილია სანთლური მოდელი “შეწებებული სენდვიჩი”-ს აღმავალი ტენდენციის მოდელი. თეორიაში, ზოგიერთი მოდელის, ან პატერნის აღწერისას, ავტორები/თეორეტიკოსები ამბობენ, რომ “…ამა და ამ ადგილზე, ესე თუ ის დონე, ან დახურვის და გახსნის დონეები ერთმანეთს უნდა დაემთხვესო…” და ითხოვენ მათემატიკურ სიზუსტეს. პრაქტიკაში ესე არაა, ფორექსზე პუნქტი პუნქტზე არასოდეს ჯდება. ამიტომ სურათზე წარმოდგენილი მაქვს რეალური ვაჭრობის შემთხვევა, სადაც დონეები ერთმანეთისგან უმნიშვნელოდ განსხვავდება, მაგრამ მე ჩავთვალე, რომ ის რაც სურათზეა – იყო სანთლური მოდელი “შეწებებული სენდვიჩი”. და არც მოვტყუებულვარ. რა თქმა უნდა თუ ისეთ კლასიკას შეხვდებით რაც თეორიაშია აღწერილი, მაშინ მოდელის სიგნალი უფრო ძლიერად უნდა ჩაითვალოს.

შეწებებული სენდვიჩი გრაფიკული მაგალითი

 

შეწებებული სენდვიჩი - სანთლური მოდელი

ქვემოთ კი წარმოგიდგენთ, სანთლური მოდელის “შეწებებული სენდვიჩის”-ს კლასიკურ მოდელს, ისეთს, როგორიც იგი უნდა იყოს თეორიული აღწერის მიხედვით, მაგრამ ასეთ რაფინირებულ სურათს, რეალური ვაჭრობის დროს ძალიან იშვიათად შეხვდებით.

შეწებებული სენდვიჩი კლასიკური გრაფიკული მაგალითი

შეწებებული სენდვიჩი - სანთლური მოდელი

“შეწებებული სენდვიჩი” არ არის ერთმნიშვნელოვანი ტენდენციის სანთლური მოდელი, ამიტომ სასურველია, რომ დაველოდოთ არა მარტო მის დადასტურებას, არამედ დამატებით სიგნალსაც სხვა წყაროებისგან. მაგალითად, ეს შესაძლებელია იყოს ტექნიკური ანალიზის რომელიმე ინდიკატორების მაჩვენებელი.

და ბოლოს, ჩემი კლასიფიკაციით, აღწერილ სანთლურ მოდელს ხუთბალიანი სისტემით შეფასებისას – დავუწერდი ორ ქულას. პირადად მე ასეთი ბუნდოვანი მოდელები არ მიყვარს, ისედაც იმდენი ბუნდოვანია ფორექსზე, რომ დამატებითი ბუნდოვნება მხოლოდ ახალ თავის ტკივილს გაუჩენს ტრეიდერს. თუმცა ყველაფერი მაინც გემოვნებაზეა დამოკიდებული. მაგრამ, ერთი კი ნამდვილად გასათვალისწინებელია, პროფესიონალ ტრეიდერს აბსოლუტურად ყველაფრის შესახებ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოს. ამიტომ წაიკითხეთ სტატია დაკვირვებით და თქვენი ტრეიდერული შეიარაღების არსენალში შეინახეთ, რა იცი რისთვის გამოგადგებათ.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით