სარჩევი
ფორექსზე არსებობს ტექნიკური რისკების ცნება. მიუხედავად იმისა, რომ სტატიების უმრავლესობაში ვსაუბრობ სტოპ ორდერების დაყენების აუცილებლობაზე, უნდა გამოვტყდე, რომ პრაქტიკაში ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც პოზიციები იხსნება და იხურება სტოპ ორდერების გამოყენების გარეშე.
განსაკუთრებით, ზემოთხსენებული ხდება სკალპინგის დროს, ან როდესაც ტრენდის მიმართულებაზე გვაქვს მყარად ჩამოყალიბებული აზრი, ხოლო სტოპ ორდერების განთავსების სექტორების შესახებ არა, რაც იწვევს იმას, რომ პოზიციის გახსნის შემდეგ ვაგრძელებთ ბაზარზე ანალიზურ დაკვირვებას იმისათვის, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ სტოპ ორდერების განთავსების ადგილების შესახებ. ასეთ სიტუაციებში, ანუ სტოპ ორდერების დაუყენებლობის შემთხვევებში, ტრენდის არასასურველი მიმართულებით შემობრუნების გარდა არსებობს სხვა სახის რისკი, რომელსაც – ტექნიკურ რისკს უწოდებენ. ტექნიკური რისკები დაკავშირებულია იმ აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართაობასთან, რომელიც შესაძლებელია მოხდეს ფორექსზე ვაჭრობის დროს.
შესაძლო ტექნიკური რისკების დრამატული სცენარის განვითარების ვარიანტები სხვადასხვაგვარი სახის არსებობს, თუმცა ყველა მათგანი ბანალურია:
- ელექტროენერგიის გათიშვა უშუალოდ იმ ადგილას სადაც დგას ტრეიდერის სტაციონარული კომპიუტერი, რაც თავისთავად კომპიუტერის გათიშვას იწვევს.
პრობლემა გადაწყვეტადია:
- UPS (მეეჭვება, მაგრამ მაინც დავწერ – ვინც არ იცის: არის მოწყობილობა/აკუმულატორი, რომელიც ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ, გარკვეული, მცირე პერიოდის განმავლობაში აწვდის კვებას კომპიუტერს და საშუალებას გაძლევთ კორექტულად დაასრულოთ მუშაობა კომპიუტერთან/პროგრამებთან) – მისი გამოყენებისას, რომელზეც ინტერნეტის ლოკალური გამანაწილებელიც უნდა იყოს მიერთებული, შესაძლებელია აკუმულატორის მუშაობის განმავლობაში დააყენოთ სტოპ ორდერები.
- ბროკერთან სატელეფონო კავშირი – ელექტროენერგიის გლობალური გათიშვის დროს, ანუ როდესაც იგი ინტერნეტის ცენტრალურ გამანაწილებელსაც (ჰაბი) ეთიშება, ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ ტელეფონით დაუკავშირდეთ ბროკერს და მისცეთ დავალება დააყენოს სტოპ ორდერები, თქვენს მიერ მითითებულ წერტილებში.
- ნოუთბუქი – თუ ვაჭრობისას ხმარობთ ლეპტოპს, მაშინ ზემოთხსენებული პრობლემები უმარტივესად გადაწყვეტადია – 1) ნოუთბუქის აკუმულატორი – ანუ დროებითი, მაგრამ უწყვეტი ელექტრო კვება; 2) WiFi (მეეჭვება, მაგრამ მაინც დავწერ – ვინც არ იცის: უსადენო ინტერნეტი) – როგორ დავიჯერო, რომ ისეთ ჯურღმულში გადაწყვეტთ ფორექსის საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე გასვლას, სადაც WiFi-ს ელემენტარული სიგნალი მაინც არ იქნება, იმისათვის, რომ ინტერნეტთან გქონდეთ წვდომა.
- ოპერაციული სისტემის ან სავაჭრო ტერმინალის პროგრამული გაუმართაობა
პრობლემა გადაწყვეტადია:
- ა) ალტერნატიული, მადუბლირებელი მოწყობილობის ქონა – ანუ ძრითადად მუშაობთ სტაციონარულ კომპიუტერზე, ხოლო ამავე დროს გაქვთ ნოუთბუქი, ან აიფონი, ან ტაბლეტი, რომელთა მეშვეობითაც შეძლებთ ვაჭრობის პროცესის გაგრძელებას.
- ბ) ტელეფონი – ბროკერთან სატალეფონო კავშირი, ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ დაურეკოთ ბროკერს და მისცეთ დავალება სტოპ ორდერების განთავსების შესახებ;
- ინტერნეტ კავშირის გაუმართაობა
პრობლემა გადაწყვეტადია:
- ბროკერთან სატელეფონო კავშირი
- WiFi;
თუმცა, არ დავარღვევ ტრაფარეტს და ვიტყვი, რომ შესაძლო ტექნიკურ გაუმართაობებზე ფიქრსა და ნერვიულობას, მაინც სჯობია ისე დაიგეგმოს სავაჭრო ოპერაცია, რომ ტრეიდერმა წინასწარ იცოდეს სტოპ ორდერების განთავსების წერტილები.
ზემოთხსენებული თემა, რომელიც ერთი შეხედვით ბანალურად სჩანს, ზოგიერთს ღიმილს მოჰგვრის და იფიქრებს – რა დროს ელექტრო ენერგიისა და ინტერნეტის გათიშვაზე, ან ოპერაციული სისტემის და სავაჭრო ტერმინალის გაუმართობაზეა საუბარი, როდესაც ასეთი რამ “საუკუნეში” ერთხელ ხდებაო, თუმცა არსებობს ერთი რუსული ფრაზა “Закон подлости”, საფრთხე მაშინ მოდის, როდესაც არხეინად ხარ და არ ელოდები მას. როდესაც ზემოთაღნიშნული ტექნიკური რისკების გამო ის “ზოგიერთი” ტრეიდერი 200, 500, ან 1 000 აშშ დოლარსა და მეტს წააგებს, სწორედ მაშინ ის ღიმილი შეაშრება სახეზე. ამიტომ, ფორექსზე ვაჭრობის დროს უპრიანია დავიცვათ ყველა ზემოთაღნიშნული მთავარი წესი.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით