მარტინგეილის მეთოდი ფორექსის ბაზარზე შემოვიდა აზარტული თამაშებიდან. მისი არსი ტრივიალურია და ნებისმიერი ადამიანისთვის არის გასაგები.
ახსნის გამარტივებისათვის დროებით გადავინაცვლოთ კაზინოში და ვირტუალურად ვითამაშოთ ყველაზე გავრცელებული თამაში – რულეტკა. იმათთვის ვინც საერთოდ არ იცნობს რულეტკით თამაშის წესებს – ვიტყვი, რომ: რულეტკაზე ფსონების დადება შესაძლებელია რიცხვებზე და შანსებზე. შანსებში იგულისხმება ფსონები: კენტ ან ლუწ რიცხვებზე, შავ ან წითელ რიცხვებზე, გარკვეული სექტორის რიცხვებზე, გარკვეული რიგის რიცხვებზე და ა.შ. ჩვენი მაგალითის კონტექსტში გვაინტერესებს შანსი 50/50.
ჩავთვალოთ, რომ რულეტკაზე მინიმალური ფსონის სიდიდე – 1$. მარტინგეილის მეთოდის/სტრატეგიის არსი მდგომარეობს შემდეგში. ფსონს ვდებთ 50/50 შანსებიდან ნებისმიერზე, ვთქვათ შავ ფერზე. თუ რულეტკის ბურთი დაჯდა საპირისპირო რეზულტატზე, ანუ წითელ ფერზე, მაშინ შემდეგ ფსონს ვაორმაგებთ და ისევ შავ ფერზე ვდებთ და ყოველივეს ვიმეორებთ მანამდე, სანამ რულეტკის ბურთი ჩვენთვის სასურველ ფერზე არ დაჯდება. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ მოგებას და შემდეგ ფსონს ისევ შავ ფერზე ვდებთ ისევ იმავე თანხის – 1 აშშ დოლარის ოდენობით.
ძნელი დასათვლელი არ არის, რომ მიუხედავად უარყოფითი შედეგების რაოდენობისა, თამაშის ასეთი სერიის მოგება იქნება მხოლოდ $1, ხოლო უარყოფითი შედეგების დადგომის შემდეგ განახლებული ფსონები გაიზრდება გეომეტრიული პროგრესიით. ანუ, თუ წითელი ფერი დაჯდა ზედიზედ ექვსჯერ, რაც კაზინოში საკმაოდ ხშირი შემთხვევაა, იმისათვის, რომ მოვიგოთ $1 – უნდა გავრისკოთ 64 აშშ დოლარით, ხოლო თუ წითელი ფერი ზედიზედ ათჯერ დაჯდება, მაშინ 1024 აშშ დოლარით. როგორც ხედავთ, ასეთ შემთხვევაში ფსონი, მიღებული მოგების არათანაზომიერია, თუმცა მარტინგეილის სტრატეგიის არსი, თამაშისადმი სწორედ ასეთ მიდგომაშია.
ასეთი სტრატეგიის მოყვარულებისგან კაზინო თავს იცავს/იზღვევს ფსონის თანხის მაქსიმალური ზღვრის დაწესებით. ამიტომ, თუ რულეტკაზე ფსონის ზღვრული თანხა 1024 აშშ დოლარია, მაშინ რულეტკის შემდეგი წარუმატებელი ცდა დაანგრევს მარტინგეილის სტრატეგიის ალგორითმს და მიგვიყვანს გარდაუვალ, თანაც დიდ ზარალამდე.
ასეთი მიდგომა ხელსაყრელია მიკრო ანგარიშებისთვის, როდესაც გეომეტრიული პროგრესიით ლოტის ზრდა, ტრეიდერის ანგარიშზე არ იწვევს თანხის სწრაფ დანაკლისს და შემდეგი ლოტის გახსნისათვისაც რჩება კაპიტალი. მარტინგეილის ერთ-ერთი მთავარი ნაკლი სწორედ ის არის, რომ მოთამაშეს/ტრეიდერს აღარ რჩება საჭირო თანხა წაგების გადაფარვისათვის. თუ დეპოზიტის სიდიდე, წარუმატებელი ორდერის შემდეგ არ იძლევა გაორმაგებული ლოტით ახალი ორდერის გახსნის საშუალებას, მაშინ ტრეიდერი საკმაოდ დიდ ზარალს მიიღებს.
რაც უფრო მეტია ზედიზედ წარუმატებელი ორდერების რიცხვი, მით უფრო ნაკლებია მოგების რაოდენობა, ინვესტირებულ თანხასთან მიმართებაში, ანუ კაპიტალის უკუგების პროცენტი (ROI, Return on Investment). წარუმატებელი ორდერების დიდი რაოდენობის შემთხვევაში აღნიშნული პროცესი მიიღებს აბსურდის სახეს, რადგან რამდენიმე ცენტის მოგებისათვის საჭირო იქნება რამდენიმე ასეული, ან რამდენიმე ათასი აშშ დოლარის ინვესტირებაც კი. ამიტომ უნდა ავღნიშნო, რომ წმინდა, კლასიკური სახით (კაზინოს მსგავსად) მარტინგეილის სტრატეგიის გამოყენება ფორექსზე არ არის რეკომენდებული – ვინაიდან ეს მეთოდი აუცილებლად ზარალამდე მიიყვანს ტრეიდერს. ასე მარტივი რომ ყოფილიყო, მაშინ ყველა ტრეიდერი გამოიყენებდა მარტინგეილის სტრატეგიას და მილიონებსაც იშოვიდა. მაგრამ ამ სტრატეგიის დანერგვა უკვე ჩამოყალიბებულ სისტემაში შესაძლებელია, ზოგიერთ შემთხვევაში – აუცილებელიც კი.
დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ არსებობს მარტინგეილის სახესხვაობა, რომელსაც რბილ მარტინგეილს უწოდებენ. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ყოველი წარუმატებელი გარიგების შემდეგ ფსონს/ლოტს კი არ ვაორმაგებთ, არამედ მას რამდენიმე პროცენტით ვზრდით, ხოლო ყოველი წარმატებული გარიგების შემდეგ პროპორციულად ვამცირებთ. ასეთი სტრატეგია, დეპოზიტს კი იცავს სწრაფი განულებისგან, თუმცა დანაკლისს ისევე სწრაფი ტემპით ვერ ანაზღაურებს, როგორც მისი კლასიკური ვარიანტი.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით