სარჩევი
გეპი და სხვა არასპეციფიკური მოვლენები ფორექსზე ხშირად გვხვდება. როგორც ვიცით, არსებობს ესეთი გამონათქვამი, ის ვინც ფლობს ინფორმაციას – იგი ფლობს მსოფლიოს. ფორექსთან მიმართებაში აღნიშნულის პერეფრაზი შემდეგნაირად არის შესაძლებელი, ის ვინც ფლობს ინფორმაციას – იგი იღებს მოგებას ფორექსზე.
სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ დაგვეხმარება მომგებიანი გარიგებების განხორციელებაში, ზოგიერთ მოვლენაზე ფორექსის ბაზრის არასპეციფიკური რეაქციის ცოდნა.
მაგალითად, ბუნებრივმა კატაკლიზმმა, რომელმაც გაანადგურა მოსავალი ძალიან დიდი მოცულობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, შესაძლებელია გამოიწვიოს სტიქიისგან დაზარალებული კომპანიების აქციების ფასის მყისიერი და უეცარი ვარდნა და იმავდროულად, წარმოქმნილი დეფიციტის გამო, სასაქონლო ბაზარზე გაიზარდოს ფასები სასოფლო-სამეურნეო პროდუქსიაზე. ფორექსთვის გეპები ნაკლებად არის დამახასიათებელი, ვინაიდან ვაჭრობა მიმდინარეობს 24 საათიან, დინამიურ რეჟიმში, თუმცა აქაც ზოგჯერ მაინც გვხვდება ეს მოვლენა (გეპი).
გეპის მაგალითი
როგორც წესი, ფორექსზე სავაჭრო აქტიურობა წყდება დასვენების დღეებში – გამოცდილი ტრეიდერები ცდილობენ დახურონ პოზიციები, ან ახორციელებენ ღია პოზიციების ჰეჯირებას (Hedge), რათა დასვენების დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა გაუთვალისწინებელ ზარალში არ ჩააგდონ ისინი. რადგან, სწორედ დასვენების დღეებში, პარასკევიდან ორშაბათამდე, გამოქვეყნებული სიახლეები წარმოადგენენ ფორექსზე გეპის წარმოქმნის ძირითად გენერატორს. გეპის წარმოქმნას შესაძლებელია რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს, თუმცა ყველა მათგანს აერთიანებს ერთი საერთო მახასიათებელი – არაპროგნოზირებულობა და უეცრობა.
ლიტერატურაში გეპის წარმოქმნის არა ერთი პოლიტიკური ფაქტორია აღწერილი, რომელთა მოყოლასაც აქ არ დავიწყებ. უბრალოდ მაგალითისათვის ავღნიშნავ მხოლოდ ორ მსგავსი თვისების, მაგრამ ბაზრის რეაქციის თვალსაზრისით ურთიერთსაპირისპირო ფაქტს: 2003 წლის 15 დეკემბერს, ორშაბათს ფორექსის ბაზარი გაიხსნა დიდი გეპით – აშშ დოლარის სავალუტო კოტირებების ზრდით, იმ მიზეზით, რომ ერაყის მმართველი სადამ ჰუსეინი აიყვანეს ტყვედ. თუმცა 2011 წლის 2 მაისს ორშაბათს, ბენ ლადენის ლიკვიდაციას, ფორექსზე არავითარი მკვეთრი რყევა არ გამოუწვევია (ამ პერიოდში უკვე ვვაჭრობდი ფორექსზე და კარგად მახსოვს).
ცოტა მოძველებული მაგალითებია, თუმცა ზოგადი აზრის გამოტანა შესაძლებელია. ამიტომ ვაჭრობის დროს, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება კვირის დასაწყისში, მზად უნდა ვიყოთ გეპისთვის თუმცა, აუცილებლად მოხდება თუ არა იგი და ამასთან ყველა სავალუტო წყვილზე – არავინ იცის. მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ მაინდამაინც იდეაფიქსად ნუ გავიხდით.
ვალუტის კურსების პროგნოზირებისას გასათვალისწინებელია სხვა არასპეციფიკური მოვლენებიც, რომლებსაც ადგილი აქვს სხვადასხვა ქვეყნების ფინანსურ სისტემებში, რომლებიც ერთი შეხედვით არ არის ისეთი თვალშისაცემი, როგორიც პოლიტიკური ფაქტორით, ან რომელიმე მაღალი რანგის პოლიტიკური ან ფინანსური მოხელის მიერ გაკეთებული განცხადებით გამოწვეული ფასური წყვეტაა (გეპი).
ტრეიდერებისთვის, რომლებიც ვაჭრობენ USD/JPY სავალუტო წყვილზე მნიშვნელოვანი მომენტია იაპონიაში ფინანსური წლის დასრულების პერიოდი, როდესაც კომპანიები აბარებეს საკუთარი ფინანსური მოღვაწეობის ანგარიშებს (ბალანსს). იაპონიაში, ასეთი ორი პერიოდი არსებობს : მარტის თვის დასასრული და სექტემბრის თვის დასასრული. იაპონური კორპორაციების უმრავლესობისათვის არსებობს წესი, ბალანსის ჩაბარებამდე საკუთარი კაპიტალი უნდა დააკონვერტირონ იენებში (იაპონიის ნაციონალური ვალუტა), შესაბამისად ამ პერიოდში იენაზე მოთხოვნა იზრდება.
კიდევ ერთი არასპეციფიკური მოვლენა, რომელიც ვალუტის კურსებზე მოქმედებს, არის საპრეზიდენტო (სახელმწიფო მეთაურის) არჩევნები, მით უმეტეს თუ პრეზიდენტი/მეთაური ხელმეორედ იყრის კენჭს ამ პოსტზე. იმისათვის, რომ არჩევნებმა წარმატებით ჩაიარის, საჭიროა, რომ მისმა კაბინეტმა მძლავრი ეკონომიკური სურათის, შესაბამისად ძლიერი ნაციონალური ვალუტის დემონსტრირება მოახდინოს. ასეთ სიტუაციაში, არჩევნების წინა პერიოდში ნაციონალური ვალუტის კურსი მყარდება, რაც აგრეთვე გასათვალისწინებელია ფორექსზე ვაჭრობისას. გეპის წარმოქმნის თვალსაზრისით კი, წინასაარჩევნო პერიოდში და დადებითი შედეგის დადგომის დროს შესაძლებელია აღმავალი გეპის/გეპების, ხოლო უარყოფითი შედეგის დადგომის დროს პირიქით – დაღმავალი გეპის წარმოშობა.
საერთო ნაციონალური დღესასწაულების როგორებიცაა – ახალი წელი, შობა, აღდგომა – მსოფლიოს ყველა ფინანსური ცენტრები დაკეტილია, ამიტომ ფორექსზე პრაქტიკულად არაფერი ხდება და სავალუტო კურსები არ, ან უმნიშვნელოდ იცვლება. გეპის წარმოქმნის თვალსაზრისით კი ვალუტების კურსები ფორექსის გარეთ მაინც მოძრაობენ (ვალუტის გადაცვლის სხვა, მცირე ინსტიტუტები მცირე მოცულობით, მაგრამ მაინც ხომ მუშაობენ) და შესაბამისად ქმნიან ვალუტების კურსებს, რომლებმაც დღესასწაულების შემდეგ შესაძლებელია, ზოგიერთ სავაჭრო ინსტრუმენტზე გეპი გამოიწვიონ.
სახელმწიფო მეთაურების შეხვედრები სხვადასხვა სამიტების ფარგლებში, როგორც წესი დასვენების დღეებში ტარდება. შეხვედრების/სამიტების დროს მიიღება სხვადასხვა გადაწყვეტილებები, რომლებმაც შესაძლებელია მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ ვალუტის კურსებზე და შესაბამისად ფორექსის ბაზრის სავალუტო კოტირებებზე. ასეთი შეხვედრებისათვის, ტრეიდერი წინასწარ უნდა მოემზადოს და სასურველია, რომ არ ჰქონდეს ღია პოზიციები იმ ვალუტებზე, რომელთა კურსებმა შესაძლებელია ცვლილება განიცადონ, ზემოთაღნიშნულ შეხვედრებზე/სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილებების გამო.
როგორც ვხედავთ, ფორექსის სავალუტო ბაზარი, თავის თავში ბევრ სიურპრიზს მოიცავს. იმისათვის, რომ მოულოდნელი ზარალი არ განვიცადოთ, საჭიროა მკაფიოდ წარმოვიდგინით, ის თუ, მსოფლიო მასშტაბის რომელ გეგმიურ მოვლენას შეუძლია მოახდინოს ზემოქმედება სავალუტო კურსებზე. ამისათვის საჭიროა მუდამ ვაანალიზოთ სიახლეები, რომლებიც გამოიცემა საინფორმაციო საშუალებების მიერ. ზოგჯერ ვალუტის კურსებზე გავლენას ახდენენ შემთხვევითი მოვლენებიც.
ამიტომ სავაჭრო პლატფორმასთან წვდომა უნდა გვქონდეს 24 საათიან რეჟიმში, რათა საჭიროების შემთხვევაში დროული რეაგირება მოვახდინოთ ახალ ინფორმაციაზე. ამიტომაც, პროფესიონალი ტრეიდერებისათვის, და არა მარტო მათთვის, სხვა საშუალებებთან ერთად საჭიროა მობილური საშუალებების ფლობა, რათა გაუთვალისწინებელ სიტუაციებში ვაჭრობა განახორციელონ მობილური ტერმინალების მეშვეობითაც.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით